- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავას განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი ყოველკვირეულ სახეს მიიღებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კოორდინაცია თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მყისიერ ჩართულობას.
“დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური საკითხებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები თვეში ერთხელ გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება და მას მერებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

