სენაკში, “ქალაქის დღე“ აღინიშნა

  • 16 სექტემბერს, სენაკში, ,,ქალაქის დღე“ აღინიშნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაიმართა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, კონცერტი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

გაიმართა სპორტული აქტივობები – ტურნირები ქართულ ჭიდაობასა და ნარდში. ნარდის ტურნირში გამარჯვებულებს, სენაკის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფულადი ჯილდოები გადასცა.

სენაკმა უმასპინძლა ქალაქის ღირსეული შვილის, მსოფლიოში აღიარებული მხატვარ-ფერმწერის, არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელისა და პრემიების ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, სენაკის საპატიო მოქალაქის, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენას – ,,მეგრული ოდები“.

სიმბოლურად, ქალაქის დღეს გაიხსნა 1976-84 წლებით დათარიღებული ხელოვნების ძეგლის – ,,ხსოვნის კუბის’’ მემორიალური დაფა, რომლის ავტორები არიან სენაკის ღირსეული შვილები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, არაერთი პრემიისა და საპატიო ტიტულის მფლობელები, არქიტექტორები – ვახტანგ დავითაია და გიული გეგელია, ასევე – არქიტექტორი – შოთა ბოსტანაშვილი. ძეგლის მოქანდაკეა ვაჟა მელიქიშვილი.

საღამოს, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი, ანრი ჯოხაძე და ,,რანინელები“ – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.

სენაკის დღისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით ჩატარდა.