- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.