სენაკში ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა – პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის

  • სენაკის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა – პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუწიოს სათანადო დახმარება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება.

სერვისი, მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებას, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარების გაწევას.

პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:

• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

• მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

• მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

• მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

• მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.

მომსახურების მიღების მსურველმა შშმ პირმა, მხარდამჭერმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია:

• შევსებული განაცხადის ფორმა;

• ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;

• შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს