სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოხალისეთა ჯგუფები.

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დიდი ნაწილი, ასევე – სახნავ-სათესი ფართობები.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიმეწყრა მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები, ხიდები, ჩამოიშალა სანიაღვრე სისტემების საყრდენი კედლები.

სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.

ზარალის დამთვლელმა კომისიამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.