სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიხსნა

  • დღეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა.

თეატრალურ ფესტივალში, რომელიც მეორე წელია ტარდება, წელს, 12 საჯარო სკოლა და ახალგაზრდული თეატრი მიიღებს მონაწილეობას.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოლიმპიადის ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასები მაყურებლისთვის, ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ 12 სპექტაკლს აჩვენებენ, სადაც დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციისთვის: სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.

სასკოლო ჯგუფებს გადაეცემათ დიპლომები.

გამოვლინდება გრან-პრის მფლობელი სპექტაკლი, ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან.

თეატრალური ფესტივალი 5 მაისს საზეიმოდ დაიხურება.