სენაკში ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება

  • სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

“ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების დეტალები ადგილზე განიხილეს.

ახალი სპორტული ობიექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და თანამედროვე, ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტული სივრცეების შექმნას.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.