22 ივლისიდან, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ახალი ერა იწყება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 22 ივლისს, ოთხ საათზე, სენაკის სავიზიტო ბარათი და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი 140-ე სეზონს განახლებულ თეატრში გახსნის და შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

“არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო. იგი ყოველმხრივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი სენაკელების ერთ-ერთი უმთავრესი სატკივარის – თეატრის სრული რეაბილიტაციის დაწყება.

თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ” ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა. დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა”.-ნათქვამია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.