სენაკში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 62 მორი

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა.

“ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, უკანონოდ მოპოვებული 62 ერთეული მორი. ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.”-ნათქვამია ინფორმაციაში.