- ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე №227-229 მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის ფასადი და კარ-ფანჯრები, რის შედეგადაც კორპუსმა ახალი იერსახე მიიღო. სამუშაოების ღირებულებამ 102 578 ლარი შეადგინა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქის სხვა უბნებშიც გრძელდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე №123 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პროექტის ღირებულება 272 027 ლარია. ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დასრულდა პოლიკლინიკა „დიომედის“ შენობის ფასადის რეაბილიტაცია, რისთვისაც 37 515 ლარი დაიხარჯა.
როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტები ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, არსებული შენობების განახლებასა და ურბანული გარემოს კეთილმოწყობას ემსახურება.

