- ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ლეგენდარული სენაკელი ფალავნის, ნესტორ ესებუას სახელობის ქართულ ჭიდაობის ტურნირი გაიმართა.
ტურნირს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა დაესწრნენ.
სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული წარმატებული ფალავნები მონაწილეობდნენ და გამარჯვებისთვის ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში იბრძოდნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი და საქართველოს აბსოლუტური ფალავანი თემურ ხუბულური, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს აბსოლუტური ფალავანი გიორგი გაჩეჩილაძე, ძიუდოში ოსტატ-ვეტერანებს შორის მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი და საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ალექსი დავითაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ტურნირის გამარჯვებული გახდა დიმიტრი გოჩილაიძე (ყვარელი), მეორე ადგილი ბაქარ ერაშვილმა (კასპი) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ზურაბ ჭიღლაძე (გორი) გავიდა.
ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი, რომელიც მისი ღვაწლისა და ქართული ჭიდაობის ტრადიციების პატივსაცემად იმართება, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წელს უკვე მეორედ ჩატარდა.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

