გამჭვირვალობა: ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  ინფორმაციით, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

“სს “არქეოპოლისმა” 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 251 682 ლარი შეადგინა.

ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით – 10 349 587 ლარი. ამ ტენდერებში “არქეოპოლისს” კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ – სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს “ინდიკო”.

ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც მუშაობდა სს “არქეპოლისში” – 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სენაკის მერიის ტენდერებში სს “არქეპოლისის” საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით (https://rb.gy/jp5faf), თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.