მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილს დაიწყება

  • 3 აპრილს, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება.

სენაკის მუნიციპალიკტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა, გიორგი კვარაცხელიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრო.