სენაკის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც განხორციელდება

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიმდინარე წელსაც განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, დღეს, მოსახლეობასთან საერთო კრებები, ზემო ჭალადიდის, თეკლათის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სეექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის’’ ფარგლებში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 32 000 ლარი გამოიყო, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – 72 000 ლარი, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში კი – 32 000 ლარი.

დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა:

ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მუხურში – მინი სპორტული მოედნის და ბიბლიოთეკის შენობის სრული რეაბილიტაცია.

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – საგვარამიოს უბანში – საძოვრებისა და საყანე ფართობების შესასვლელი ჭიშკრის მოწყობა; ტყირის უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა; სოფელ თეკლათში – სანიაღვრე არხზე მილხიდის მოწყობა და საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; გოლასკურის უბანში – საყანე ტერიტორიების შემოღობვა.

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში – ახალსოფელი-ისულას დამაკავშირებულ გზაზე – გარე განათების სისტემის მოწყობა; სოფელ ახალსოფელში – საყანე ფართობზე არსებული ცხაურის რეაბილიტაცია; ახალსოფლის სასაფლაოს შესასვლელი ჭიშკრის მოწყობა; სოფელ ისულაში – შიდა საუბნო გზაზე, საჟვანიოს უბანში და სოფელ ახალსოფლის ჩიხში, 3 ლოკაციაზე – გარე განათების სისტემის მოწყობა.

ხვალ, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრებები გაიმართება და დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, გეჯეთის, მეორე ნოსირისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩევა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს