სენაკში გაიხსნა ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი

  • დღეს, სენაკში, ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი. პროექტი, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, ზაზა ფაჩულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ოთარ დანელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, ,,Petrocas Energy Group”-ის პრეზიდენტი, ვანო ნაკაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, კომპანია ,,გალფის“ წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

საკალათბურთო კორტზე, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის კალათბურთელებმა საჩვენებელი თამაში გამართეს.

,,ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ საკალათბურთო მოედანი, რომელიც მესამეა ჩემი და გალფის თანამშრომლობის განმავლობაში, იმ ქალაქში გაიხსნა, რომელთანაც ბავშვობის საუკეთესო წლები და მოგონებები მაკავშირებს. საკალათბურთო მოედანი სენაკში, სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია” – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

საქართველოს მასშტაბით რიგით მესამე საკალათბურთო კორტის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სენაკში ხელი 2019 წლის 12 აგვისტოს მოეწერა.