სენაკში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალური სამსახურების მიერ მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები.

დაზიანდა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი. აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროსადენები სრულად გამოვიდა მწყობრიდან, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერმა ქარმა სრულად დააზიანა მენჯის საჯარო სკოლის სახურავი, ასევე, პრობლემები შექმნა ქალაქად და მენჯის, ნოსირის, ნოქალაქევის, ზანას, მეორე ნოსირის, თეკლათის, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შექმნილ ვითარებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მერიის მობილური ჯგუფები აგრძელებენ მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში ჩართულები არიან ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ,,გასკოს“, სამაშველო და მერიის სამსახურების ჯგუფები.

შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხორციელდება რეაგირება.

მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

მუშაობს მერიის ცხელი ხაზი: 599 85 04 19, 599 87 50 30