სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის, რუსლან საჯაიას მიერ, წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  • პროექტის – „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულთათვის, 2022 წელს მიწოდებული მომსახურების ანგარიშის პრეზენტაცია;
  • ინფორმაცია – შშმ პირთა ანკეტირებისა და განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ;
  • ინფორმაცია – შშმ პირების მიერ საბჭოსთვის შეთავაზებულ ინიციატივებზე.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ დააანონსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლების შემდეგ, პირველად, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, შშმ პირთა საბჭოს საკუთარი ბიუჯეტი ექნება.

შშმ პირთა შესახებ საზოგადოებაში (განსაკუთრებით – მაღალი კლასების მოსწავლეების) ცნობიერების ამაღლების კუთხით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებსა და აქტივობებზე, ,,ლაზარე 2015-ის“ დირექტორმა, ეკატერინე სოლომონიამ ისაუბრა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს შშმ პირებს – მათი თანაბარი უფლებებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, მათ წინაშე მდგარი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.