“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 738 000 ლარი გამოიყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და პროგრამის ფარგლებში შექმნილი მუშა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

“ჩვენი უმთავრესი მოვალეობა მოსახლეობის გვერდით დგომა, მათთან ერთად სოფლად არსებული გამოწვევების შესწავლა, გამოკვეთა და დაძლევაა. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავად ირჩევენ პრიორიტეტებს, რითაც, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში” – აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

უახლოეს დღეებში, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საერთო კრებები გაიმართება და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.