29 აპრილს სენაკში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

  • 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს,  გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

„ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად იქნება გამოყენებული. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტესტი მომავალი საერთო 2024 წლის არჩევნებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

სწორედ ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას – ყველას, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.