სენაკის მუნიციპალიტეტი “თბილისობის” დღესასწაულში მონაწილეობდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტი თბილისობის სახალხო დღესასწაულს წელს, უკვე მეორედ, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.

“მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია დაესწრნენ.

სენაკის კუთხემ ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება – ,,კოლხური სოფელი“ წარმოადგინა: შედგა სენაკის საპატიო მოქალაქის, მსოფლიოში აღიარებული გამოჩენილი მხატვარ-ფერმწერის, პრემიების ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, მწერალ, ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენა – ,,მეგრული ოდები“, ასევე გამოიფინა ადგილობრივი მეწარმის, ვენერა ხახუბიას, თექაზე დამზადებული ნამუშევრები, გაცოცხლდა სამეგრელოს კუთხის ყოფა, ტრადიციები, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული მეგრული სამზარეულო, ადგილობრივ მეწარმეთა – ვენერა ლიპარტიას და ნინო ქავთარაძის პროდუქცია, ხალხური რეწვის ნიმუშები, გაიმართა ელარჯისა და სულუგუნის მომზადების მასტერკლასები.”-აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“კოლხურ სოფელში“ კონცერტი გამართეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა -,,მუსიკელმა“ და “გოგალაიმ”.

ინფორმაციისთვის: თბილისობის/თბილისქალაქობის დღესასწაული ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალია, რომელიც სათავეს 1979 წლიდან იღებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია 2022 წლიდან აღდგა.