სენაკში საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

  • სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით, 1 157 გამარჯვებული ჰყავს. აქედან, 170 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგენილი პროექტია.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარით განისაზღვრა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი -არანაკლებ 10%.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – არანაკლებ 25%.