სენაკში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხობის, აბაშის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.