რუსთაველის თეატრის სცენაზე სენაკის თეატრმა პირველად თავის ისტორიაში სპექტაკლი წარმოადგინა

  • სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე წარმოადგინა ჟან-ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი“ (კომედია ორ მოქმედებად).

სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პირველად წარდგა რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე სპექტაკლით. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი – აივენგო ჭელიძე.

კომედიის მეფედ წოდებულმა, „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელმა ჟან-ბატისტ მოლიერმა 1668 წელს დაწერა პიესა „ძუნწი“, რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „ჰარპაგონი“. ნაწარმოები ეხება პრობლემებს, რომლებიც დღესაც ძალიან აქტუალურია. პიესის მთავარი თემაა ადამიანისა და საზოგადოების სწრაფვა მატერიალური კეთილდღეობისკენ და მის მოსაპოვებლად სულიერი, ადამიანური ღირებულებების უარყოფა. მოლიერის სახელს უკავშირდება სენაკის თეატრის პირველი წარმოდგენაც – „ძალად ექიმი“, რომლის პრემიერა 1881 წელს გაიმართა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ჰარპაგონი“ სენაკის თეატრის რეპერტუარის ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ირაკლი ადამია, ირაკლი კვერღელიძე (ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი), ანი ანდღულაძე (ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი), თენგიზ თოფურიძე, ლადო კოკაია, სოფი ჩალაშვილი, თამარ აბშილავა-კობახიძე, ჯამბულ ჭანტურია, ტარიელ ზურაბაშვილი, ზურაბ ზურაბაშვილი, ელგუჯა ნოდარიძე, ეკა კოღუა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა „ჰარპაგონის“ პრემიერა მაყურებელს სენაკში 2022 წლის 6 ივლისს უჩვენა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს