- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის ზონალური ეტაპი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის მოსწავლეთა გაერთიანებულმა გუნდმა, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ხალხური საკრავების განყოფილების ანსამბლმა “მორდუმ“, ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჩხოროწყუმ“, ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლასთან არსებულმა გოგონათა ფოლკლორულმა გუნდმა ,,მახარიამ“, აბაშის პირველი საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ:
საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ეროვნული საგუნდო კონკურსის დირექტორი, დირიჟორი, პროფესორი – მიხეილ ედიშერაშვილი;
საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ,,ნიჭიერთა ათწლედის’’ გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის დირიჟორი – შიო აბრახამია;
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლის პედაგოგი, ანსამბლ ,,მუსიკელის“ ხელმძღვანელი, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის რეგენტი, დიმიტრი კაკულია;
სენაკიდან, პირველი ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ –
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის მოსწავლეთა გაერთიანებული გუნდი და ანსამბლი ,,მორდუ“.
ისინი მონაწილეობას მიიღებენ თბილისში დაგეგმილ ეროვნულ კონკურსში.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.