ვასილ ბესელია: “მე სიყვარულის პოეტი ვარ”…

  • პოეტი ვასილ ბესელია წარმოშობით სენაკიდანაა. დღემდე, მან გამოსცა ლექსების სამი, და ნოველების ერთი წიგნი. არის ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, თამაზ წივწივაძის და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ბატონი ვასილი გვიმხელს, რომ ის სიყვარულის პოეტია. “მუდმივად შეყვარებულ კაცზე გსმენიათ? – მე ვარ ის კაცი!“- ამბობს პოეტი.

ვასილ ბესელია: “-განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი გახლავართ. დამთავრებული მაქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. წლების მანძილზე ვმუშაობდი თბილსში სხვადასხვა თანამდებობებზე. ბოლოს, სენაკში, ვიყავი საჯარო მოხელე. დღემდე გამოცემული მაქვს ლექსების სამი, და ნოველების ერთი წიგნი. ვარ ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, თამაზ წივწივაძის და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი”.

-რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

-მე სიყვარულის პოეტი ვარ. სიყვარულია ჩემი შთაგონების წყარო. შთაგონებაა ისიც, რაც სიყვარულს ხელს უშლის, რაზეც არ უნდა ვწერდე, მაინც ვიღაცის გამო და ვიღაცისთვის ვწერ. პირველი ლექსი სიყვარულმა შთამაგონა და ბოლოსაც სიყვარული დამაწერინებს. მუდმივად შეყვარებულ კაცზე გსმენიათ? – მე ვარ ის კაცი!

-როგორია შემოქმედის ბედი? რაში მდგომარეობს პოეტობის არსი?

-იყო პოეტი ნიშნავს გიყვარდეს თავდავიწყებით, ისე, როგორც არავის შეუძლია… იყო პოეტი, ნიშნავს შეამჩნიო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს, ან დაინახო სხვანაირად, ვიდრე ზოგს ჰგონია… იყო პოეტი, ნიშნავს მუდამ ფიქრობდე და იყო ჯიუტი… იყო პოეტი ნიშნავს არ გაკმაყოფილებდეს ის, რაც არი… იყო პოეტი, ნიშნავს იყო უკვდავი…

-ხშირად გაგჩენიათ თუ არა მარტოობის განცდა ან გიგრძვნიათ, რომ თქვენი არ ესმით?

-მარტოობა პოეტის ბედია. ფიქრის კაცი მუდამ მარტოსულია. ძნელია, ვინმე ფიქრში აიყოლიო. რაც უფრო დიდია პოეტი, მით უფრო უსაშველოდ მარტოა… ლექსის წერა მარტოობიდან თავის დაღწევის მცდელობაა… იქნება ტაში, ყვავილები და მილოცვები, მადობასაც გადაუხდი მეტაშეებს, წამოხვალ და შენს მარტოობაში დაბრუნდები … ესაა პოეტის (და არამარტო პოეტის ) ცხოვრება.

-თქვენთვის როგორც პოეტისთვის პოეზია არის…

-პოეზია ჩემთვის სულის რჩენის საშუალებაა, თავი ცალკე მყავს სარჩენი და სული ცალკე.

-რა გინდათ, რომ უთხრათ თქვენს მკითხველს?

-კარგი მკითხველი სანთლითაა საძებარი, კარგი მკითხველი პოტენციური პოეტია. მყავს მეგობრები, რომლებიც ლექსებს ვერ წერენ, მაგრამ პოეზიის უფაქიზეს ნიუანსებს წვდებიან… ბედნიერია მათ ხელში მოხვედრილი წიგნი. მკითხველი არაა კრიტიკოსი და არ უნდა გაგიკვირდეს, მისგან მხოლოდ პოზიტიური შეფასება მოდიოდეს. რას ვეტყვი მკითხველებს? თქვენ ასულდგმულებთ მწერლობას. არ იქნება მკითხველი და არ იქნება ლიტერატურა. ისევე, როგორც მსმენელის გარეშე არ იარსებებს მუსიკა, მნახველის გარეშე, მხატვრობა და ასე შემდეგ.

-რას შეადარებთ წერის პროცესს?

-წერის პროცესი მჭედლის შრომას თუ შეედრება… თუ გინახავთ, უზარმაზარ უროს რომ უხათქუნებენ გავარვარებულ ლითონს, სასურველი ფორმა რომ მიაღებინონ… ვისთვისაც ეს განცდა უცხოა, მწერალი არაა! იყო პოეტი, ნიშნავს ეჭიდავო და შეაკვდე სიტყვას. იყო პოეტი, ნიშნავს ცხოვრობდე სიზმრებში და გეძინოს არეულად! იყო პოეტი, ნიშნავს გყავდეს მტრები! ადამიანი თვითონ არ ირჩევს „მელნის ხელობას“, ღმერთი აძალებს, ხომ გახსოვთ, წმინდა გიორგი მათრახით მადგა თავზეო, ფიროსმანი რომ ამბობს… თუ ასე არაა, არ ხარ შემოქმედი, ხარ, უბრალოდ, ლექსის მწერალი, გნებავთ, „მალიარი“…

– როგორია კარგი პოეტი…

-პოეტია ის, ვინც სხვის კარგ ლექსს აღიარებს. ერთერთ სანდო კრიტერიუმად ეს მიმაჩნია. რასაკვირველია, პოეტს ვგულისხმობ და არა მჯღაბნელს. ჩემთვის მიუღებელია აზრი, რომ არ არსებობენ დიდი და პატარა პოეტები, პატარებიც არსებობენ და ცუდებიც, პოეზია კი დიდების მხრებზე დგას!

გვესაუბრეთ თქვენს წიგნზე „წინიყურე“…

-“წინიყურე“ ჩემი პროზაული წიგნია. ძალიან მიყვარს ეს ნოველები. შეიძლება ითქვას, რომ მათში მთელი ჩემი ცხოვრებაა გაცხადებული. ბევრი რამ ამ ნოველებში გამოგონილი და გაგონილია, მაგრამ ყველაში ჩადებულია ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი. მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი პროზა, ამას ადასტურებს ათასობით ლაიქი და გაზიარება ფეისბუქზე. არაერთი ლიტერატურული კონკურსი მოიგეს ამ ნოველებმა… ჯერჯერობით წერას ვაგრძელებ, ვნახოთ, სანამდე გამყვება ეს მუხტი.

-რას ურჩევდით ახალგაზრდა შემოქმედებს, რომლებიც ახლა იწყებენ პოეზიის ,, ქარტეხილის“ გავლას?

-გვყავს ბრწყინვალე ახალგაზრდა მწერლები. მე უფრო დამწყებ შემოქმედებს მივმართავ, სანამ რამეს დაწერდნენ, სხვისი ნაწერები იკითხონ. ათი დღე იკითხონ და ერთი დღე წერონ. თუ პოეზიის ვირუსი სისხლში არ შეიჭრა, აზრი არა აქვს ხლაფორთს. შემოქმედებით ექსტაზს თუ ვერ განიცდი, ნუ ჯახირობ, დაანებეთ თავი. ტანჯვაა ლექსის წერა და ამ ტანჯვის ნიჭს ღმერთი იძლევა, ამას ვერ ისწავლი. წერეთ და გამოქვეყნებას ნუ ჩქარობთ… მელექსე არ მინახავს, წიგნი რომ არ ჰქონდეს გამოცემული. წარმოიდგინეთ, რამდენი გამომცემლობა არსებობს და ყველა ირჩენს თავს…კარგია ეს, თუ ცუდი, არ ვიცი, მომავალი გვაჩვენებს.

-რას ფიქრობთ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე?

-ახლა უკრაინაში გააფთრებული ბრძოლებია და არ შემიძლია ორი სიტყვით ამაზე არ ვილაპარაკო. არავითარი ინფორმაცია ამ ომზე, გარდა ტელევიზიით მიღებულისა, არ გამაჩნია, ამიტომ ვერ მივცემ თავს უფლებას პოლიტიკური დასკვნები გამოვიტანო. მე მხოლოდ პოეტის პოზიციიდან ვიტყვი: რუსეთი დედამიწის ავთვისებიანი სიმსივნეა, ის უნდა დაუძლურდეს და დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ყველანაირი უბედურებაა მოსალოდნელი. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს! დიდება უკრაინელ ხალხს!

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები…

-წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მწერლობა წარმოება არაა და დაგეგმვას არ ექვემდებარება. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება. ყველაფერი ღვთის ნებაა.

მასალა მოამზადა მარიამ კუტალიამ

***

ბედს ისევ უღმერთოდ ვერკინები და ისევ ვმარცხდები ხალიჩამდის…

წვიმების მიმყვება რექვიემი და სულის მღვიმეში წყალიჩამდის.

აწი მე ამ წვიმებს სად წაუვალ, (როცა ამ ჟინით და ასაკით ხარ!)

როცა ვერც რაიმე სასწაული დავწერე – ვარგოდეს წასაკითხად იქნება ბოლოჯერ

დამესიზმრო, და მკლავზე შემახო მკლავიშენი…

თორემ ამ წვიმიან კლავესინზე ჩამოწყდნენ მტრედების კლავიშები…

წვიმს… და ეს წვიმები არ მჭირდება, არც ის გზა – გულში რომ გეფერები…

აღარც ეს ფიტული ნარჩიტების, აღარც ეს ქაღალდის გერბერები…

ჩემს დღეებს როგორმე დავიღამებ, სიკვდილთან ამაო ჩალიჩამდის….

…წვიმს… წვიმს და წვიმებით დავიღალე…

და სულის ნაპრალში… წყალიჩამდის….

ვასილ ბესელია