სენაკში “აფხაზეთობა 2026”-ის ფარგლებში სპექტაკლი “ზღვის თეატრი” გაიმართა

  • „აფხაზეთობა 2026“ -ის კვირეულის ფარგლებში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ გაიმართა.

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფ თეატრზე, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს გადარჩენას და ქართული თეატრალური სივრცის ღირსეულ ნაწილად დამკვიდრებას. ისინი დგამენ სპექტაკლებს, იძენენ მაყურებლის სიყვარულსა და აღიარებას, მონაწილეობენ გასტროლებში, თუმცა მუდმივად თან სდევთ შინ დაბრუნების მოლოდინი, მონატრება და სევდა, სწორედ ისე, როგორც ზღვაში მიმავალ გემს, რომელიც კვლავ ვერ აღწევს სოხუმამდე.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთის: „აფხაზეთობა 2026“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით 18-დან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მუსიკალურ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს.