სენაკში, ფესტივალი “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე” ჩატარდა

  • “UNESCO Global Network of Learning Cities”-ის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის – ,,თბილისის პროექტთა ბიუროს”ორგანიზებით, ფესტივალი – „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდათ: გამოიფინა DVVI-ის ცენტრების, გაენის, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო სტენდები და როლაპები;

გაიმართა: პროფესიული კურსების მასტერკლასები; ადგილობრივი მხატვრების და ხელსაქმის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა;

ჩატარდა კონკურსი: თემაზე: „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“; გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.

ფესტივალის პირველი დღე დასრულდა საჯარო ლექციებით, თემებზე:

,,სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ – ბუნებრივი ანტიდეპრესანტი;

,,ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია საქართველოში – ისტორია, რეალობა და პერსპექტივები” , რომელსაც გეშტალტფსიქოთერაპევტი, ანასტასია გეგია და პროფესორი, გიორგი კიკნაძე უძღვებოდნენ.

ფესტივალის მიმდინარეობაში ჩაერთვნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, N3 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ნანეიშვილი, სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ქადარია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი – განათლების მიმართულებით, ირმა კუპრეიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე.

ხვალ, ფესტივალის დასკვნითი დღე, დაეთმობა საჯარო ლექციას: „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრიორიტეტები“, რომელსაც პროფესორი, ნონა ახალაშვილი გაუძღვება.

UNESCO -ს პროგრამის ძირითადი მიზანია იმ ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელთათვისაც, განათლება არის ურბანული მდგრადი განვითარების სტრატეგიული ფაქტორი. ამით, პროგრამა ეხმიანება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგს: ქალაქი უნდა იყოს ინკლუზიური, უსაფრთხო და მედეგი გამოწვევების მიმართ.

ქსელში ჩართვით, ქალაქი იღებს ვალდებულებას გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, განავითაროს თანამშრომლობა განათლების ინდუსტრიების მიმართულებით. უზრუნველყოს ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა და მოახდინოს განათლების ინტეგრირება ურბანული განვითარების გეგმაში, გააფართოვოს შესაძლებლობები განათლების სექტორში დასაქმებული პირებისთვის.