“მწვანე ჯილდო”

  • თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის – “მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის ფინალისტთა ათეულში გავიდა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები/საქართველოს რჩეულის ტიტული წილად ხვდა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N6 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელს, თამარ ქანთარიას.

„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023”- ქ. თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, ნათია მუმლაძემ, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023” – გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ასმათ ლეჟავამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა. გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება.

კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად ზრუნავენ.

კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, CENN, ეკოხედვა, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“; ასევე, სულაკაურის გამომცემლობა, დელფოსი, კარფური, ფარმადეპო, რომლებიც, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.