სენაკის მერი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერს, მაიორ დანიელ სეკულას, სერჟანტებს – ერიკ ჩენევარეს და რაიან ლონგს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერს, თამარ რურუას შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტი და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

გასულ წელს, ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის გრეიდერი გადაეცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და აშშ-ს საელჩოს ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა, მაიორმა დანიელ სეკულამ, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. სამი ათეული წლის მანძილზე, აშშ-მ საქართველოს 6 მილიარდის ღირებულების სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია და მისი ურყევი პარტნიორია.