- სენაკის მუნიციპალიტეტის მერია პირველად იწყებს წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ.
მერის სტიპენდია თვეში 100 ლარს შეადგენს და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, 9 თვის მანძილზე გაიცემა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამებზე სწავლობენ.
სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- განცხადების წარდგენამდე არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული სენაკის მუნიციპალიტეტში;
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- შესაბამის სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო კურსში მიღებული უნდა ჰქონდეს 91-100 ქულა (A კატეგორია, ფრიადი);
- უნდა სწავლობდეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე ჩარიცხული უნდა იყოს წინა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს.
სტიპენდიის მისაღებად წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- პირადი საბანკო რეკვიზიტები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის აქტიურ სტატუსს და ასახავს შესაბამის სემესტრში გავლილ სასწავლო კურსებსა და მიღებულ საბოლოო შეფასებებს;
- იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
სტიპენდიის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს ან შეწყდეს სტუდენტის სტატუსის დაკარგვის ან აკადემიური მოსწრების მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში.

