სენაკში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნა.

საღამოს, რომელიც ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ გახსნა და ფესტივალის ღონისძიებების მენეჯერი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის მთავარი დირიჟორი, შიო აბრახამია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრები – საბა ოდიშარია, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სენაკი კულტურული და თეატრალური ტრადიციების ქალაქია. ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა, რომ თეატრალური ხელოვნების ეს ჭეშმარიტი დღესასწაული, სტარტს სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში იღებს.

აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებული პროფესიული სახელწიფო დრამატული თეატრის ისტორიული სცენა, მზად არის, მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, უმასპინძლოს თეატრალურ დასებს.

ამ ფესტივალზე, ადგილობრივი თეატრალური დასიც, განახლებული რესურსებითა და ხედვებით წარმოაჩენს საკუთარ შემოქმედებას.

გიცხადებთ ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას, თანადგომას და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს, თეატრალურ კოლექტივებს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც, ფესტივალში ჩართულობით, წვლილი შეაქვს ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების საქმეში“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის, სენაკისა და თელავის თეატრალური დასების მსახიობებს დაეთმო.

რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, 8 აგვისტოს, ფოთში დაიხურება.

დღეს, 17:00 საათზე, სენაკის სპორტის სასახლეში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გამართავს სპექტაკლს – ,,დედაომი“.

20:00 საათზე კი, ფესტივალის მეორე დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასპინძელი თეატრის დასის სპექტაკლი – ,,ჰარპაგონი“ დაასრულებს.

ფესტივალში, რომლის საფესტივალო პროგრამა ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება, წელს მონაწილეობას 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი მიიღებს.

ფესტივალის წლევანდელი გზავნილია – #არაომს.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.

+19