სენაკში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ადიდდა მდინარეები და ღელეები, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადიდებულმა ტეხურმა წაიღო ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.

ამ წუთებში, სტიქიის ზონაში, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან – დავით კუხალეიშვილთან და ლუდუკი ხასიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად იმყოფება.

ლეძაძამეში, დროებითი ხიდი, უახლოეს პერიოდში მოეწყობა.