26 მაისი სენაკში

  • 26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, დილიდან, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით იმართება.

სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უამინდობის მიუხედავად, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სივრცე – გასართობი და საბავშვო ატრაქციები; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ორგანიზებული ყვავილების ფესტივალი, სპორტული აქტივობები – მაგიდის ჩოგბურთში, ტაეკვანდოში, ძიუდოსა და მკლავჭიდში, ტურნირი მინი ფეხბურთში, დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზმა ადგილობრივ შემსრულებლებს უმასპინძლა.

მიხეილ ქურდოვანიძის სახელობის ჭადრაკის სახლში სენაკელი მოჭადრაკის, გოჩა ტყებუჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოიფინა ოქროს ფონდში დაცული ხელოვნების უნიკალური ფერწერული ნამუშევრები.

ღონისძიებებს, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 20:00 საათზე, დაასრულებს დასკვნითი კონცერტი – სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, ბოკა კვეკვესკირისა და ლაშა თოლორდავას მონაწილეობით.