სენაკის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია.

2022 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია. მუნიციპალიტეტის მერია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სოციალური ადაპტაციისთვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით.

მთავრობის დადგენილებით, 2022 წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად. ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს. გარდა ამისა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს