- „ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს. 2021 წლის ივნისიდან „დაგის” ახალი სახელი არის „მენათი” და მას ამ პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მათ შორის 416,614 ლარის ხელშეკრულება “მენათმა” 2022 წლის მარტში მიიღო, როცა სენაკის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2021 წლის თებერვალში წერდა დათო ადამიას (მათ შორის საკრებულოს წევრობის დროს) და მისი კომპანიის 6,779,143 ლარიან შესყიდვებზე. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის ივნისში ადამიამ დატოვა „დაგის” დირექტორის პოზიცია, შპს-ს 100% წილი კი უსასყიდლოდ გადასცა ალექსანდრე ახალაძეს, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც გახდა.
სახელწოდების გარდა, კომპანიის იურიდიული მისამართიც შეიცვალა – სენაკის სოფელ ეკის ნაცვლად, იგი ამჟამად ბაღდათში, სოფელ ფერსათშია რეგისტრირებული. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემში – „სხვა მისამართი” სენაკი, ასათიანის ქ.N71-ია მითითებული.
ზემოთ მოყვანილი გარემობები აჩენს ეჭვს, რომ შპს “დაგის” მონაცემების, წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილება ფორმალური ხასიათისაა. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს, დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთანაც.
შპს-ს მონაცემების შეცვლის შემდეგ „მენათმა” 13 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 6 შემთხვევაში, ექვსივეჯერ შემსყიდველი სენაკის მერია იყო, მიღებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 1,179,311 ლარი შეადგინა. კომპანიამ 3 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ამავე პერიოდში შპს „მენათთან” სენაკის მერიამ 210,196 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ორი ხელშეკრულებაც გააფორმა.
ექვსი ტენდერიდან ხუთი და ორივე გამარტივებული შესყიდვა „მენათმა” მაშინ მიიღო, როცა ადამია ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მენათის” და შპს „დაგის” (2021 წლის ივნისამდე) თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.