სენაკს  წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს.

უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე.

დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოების დაიწყება.

წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები კი დღეს დაიწყება, ფოთსა და სენაკს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება. მთავრობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტში.

ინფორმაციისთვის: გუშინ, 11 ივლისს, ძლიერმა წყალმოვარდნებმა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ კი წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.