სენაკში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკში, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნის შედეგად დაბინძურებულ, შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილ ლოკაციებზე, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის” ფარგლებში დასაქმებული პირები ჩაერთვნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია.

ინფორმაციისთვის: კოკისპირული წვიმისა და წყალმოვარდნის შედეგად, ქალაქ სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სტიქიასთან ბრძოლაში. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი. მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის. 11 ივლისს, ძლიერმა წვიმამ ასევე შექმნა პრობლემები ადმინისტრაციულ ერთეულებში.