“ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“

  • დღეს, სასტუმრო “ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის “ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“, ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – გარემოსდაცვითი გლობალური ფონდის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოიცავს: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე; საძოვრების მდგრად მართვას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით, რაც საძოვრების შეფასების გაუმჯობესებით და ელექრომწყემსის დახმარებით, ნაკვეთმორიგეობითი ძოვების დანერგვით მიიღწევა.

პროექტის მიმდინარეობის, გატარებული ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ პრეზენტაცია გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ ხელმძღვანელმა, პროექტის მენეჯერმა, თამარ მალანიამ წარადგინა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია – კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქაცარავამ; UNESCO-ს საიტის ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ შესახებ პრეზენტაცია კი – კოლხეთის ეროვნული პარკის მოხალისემ, ალექსანდრა მატკავამ, გააკეთეს.

კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ამ მიმართულებით, სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ ისაუბრა.

პროქტის პარტნიორებს – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მერის წარმომადგენელს ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მადლობის სიგელები გადაეცათ.

შემაჯამებელ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩენეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.