“ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია”…

  • „გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“, — ეს სიტყვები არნოლდ ჩიქობავას ეკუთვნის.   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, სენაკელია და სენაკელების სიამაყე.

მისის კოლეგები ამბობდნენ, რომ: “არნოლდ ჩიქობავა სახელმწიფო კაცი იყო, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი სკოლა კავკასიოლოგებისა და ამით მან დაუბრუნა საქართველოს კულტურული ჰეგემონია კავკასიაში“.

არნოლდ ჩიქობავას უმოკლესი ბიოგრაფიული შტრიხები ასე იკითხება: “არნოლდ ჩიქობავა 1960 წელს აირჩიეს ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, 1968 წლიდან – დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად. დაჯილდოებული იყო საქართველოს სახელმწიფო (1971 წელს) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1951 წელს) პრემიებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს, ყაბარდო-ბალყარეთის, დაღესტნის, აფხაზეთისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ამასთანავე, არნოლდ ჩიქობავა იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კათედრათა გამგე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი. არნოლდ ჩიქობავამ დიდი ამაგი დასდო ქართველი ხალხის ეროვნული საუნჯის — რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შექმნას. მანვე შეიმუშავა სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის მეცნიერული პრინციპები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *