ვასილ ბარნოვი და სენაკი

  •  XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს სენაკის ცენტრში გაიხსნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი.

როგორც მატიანე იუწყება, ცნობილი ქართველი მწერალი სენაკში სამი წელეი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმეს.

ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. დედა თავის დროისათვის საკმაოდ განსწავლული ქიზიყელი იაშვილის ქალი ყოფილა, რომლისგანაც ისწავლა პატარა ვასომ ქართული წერა–კითხვა.

მწერლის წინაპრები მესხეთიდან, სოფელ ბარნავიდან გადმოსახლებულან. მათი ნამდვილი გვარი “ბარნაველი” რუსეთის ცარიზმის დამყარების შემდეგ ბარნოვად გადაკეთებულა: –ამგვარად, ფორმით გარუსებული გვარი მეც ბოლომდე შემრჩაო – იგონებს მწერალი თავის ერთ–ერთ მოგონებაში.

 8 წლის ვასილ ბარნოვი განათლების მისაღებად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1877 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი აკადემიაში უნდა მიევლინებინათ, მაგრამ ქართველობის გამო მისი კანდიდატურა მოხსნილი იქნა. 21 წლისა თბილისის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო და ერთი წლის განმავლობაში იქვე მასწავლებლობდა. 1878 წელს ბარნოვი გაემგზავრა მოსკოვში და სასულიერო აკადემიაში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა და კვლავ თავის საყვარელ საქმეს, პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. სამი წელი სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი გადაყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. 1885 წელს სემინარიის შავრაზმელი რექტორის მკვლელობასთან დაკავშირებით ვასილ ბარნოვი მასწავლებლად თელავში გადაიყვანეს, სადაც 25 წელი მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *