პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.

რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.