სენაკში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების თარიღი აღნიშნეს

  • საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.

საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საზეიმო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი , ვახტანგ გადელია და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის არმიის მე-4 უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს.

ღონისძიება, საწვრთნელ ველზე,აა თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა.

საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.