26 მაისი სენაკში

  • 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში, კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მოეწყო გასტრონომიული სივრცე, ფოტო ზონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გამოფენები – ,,საქართველოს კუთხეები“ – საჯარო სკოლების მონაწილეობით; ,,ყვავილების ფესტივალი“ – საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის სექტორის ჩართულობით, ასევე, სანახაობრივად დატვირთული თემატური აქტივობები.

ცენტრალური სტადიონის განახლებულ სათადარიგო მოედანზე გაიმართა საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი; ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალთბურთო მოედანი დაეთმო ფინალურ მატჩს 3X3 კალათბურთში; მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მთელი დღის მანძილზე, მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში: ტაიკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში.

ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპინძლა.

მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო ინიციატივით, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეები, გასართობი ატრაქციები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით – გაიმართა ფლეშმობი, ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით – საზეიმო კონცერტი.

ამფითეატრის სცენაზე ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების – ,, კოლხური ტრიოს“, ,, მუსიკელის“, ,,ეგრისის“, ,,გოგალაის“ და საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების საზეიმო კონცერტები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სენაკში საზეიმოდ აღინიშნა – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები, მირზა მოდებაძის და ჯგუფის: ,, მირზა და ბენდი“, კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

+49