“აგროტურში” სენაკელმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა

  • 22 და 23 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, პროექტ „აგროტურის“ ფარგლებში, მეოთხე აგროტური კახეთის რეგიონში მოეწყო.

პროექტის – „დამწყები მეფუტკრეს“ ბენეფიციარებმა, სენაკელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე ფესტივალში – ,,ღვინის დღეები საქართველოში“ მიიღეს მონაწილეობა.

აგროტურის მონაწილეებმა, გურჯანიის ცენტრალურ პარკში მიმდინარე ფესტივალზე, სხვადასხვა რეგიონის მეწარმეებისგან მიიღეს საინტერესო ინფორმაციები როგორც ფუტკრის პროდუქციის მიღების, ასევე მრავალფეროვანი ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე, 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციაზე. დაათვალიერეს ღვინის მარნები.

აგროტურის მეორე დღეს, პროექტის მონაწილეები, ტიბაანის მეცხოველეობის საცდელ ცენტრსა და ფერმა „ბუსტანაში“ იმყოფებოდნენ, სადაც მენეჯერმა, ჯემალ ხატიაშვილმა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვების, საკვები ულუფების შედგენის, ჯიშთგანახლების საკითხები გააცნო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„ბუსტანა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოში მაღალტექნოლოგიურ ფერმას წარმოადგენს, სადაც შვიცის, სიმენტალის, ჰოლშტეინფრიზული ჯიშების მსხვილფეხა საქონლის გამრავლება ხდება. ფერმა სრულიად ავტომატიზებულია. საკვების დარიგება ხორციელდება რობოტის მეშვეობით, რაც ერთადერთია საქართველოში.

აგროტურში მონაწილეობა 14-მა ადგილობრივმა ფერმერმა მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი – ,,დამწყები მეფუტკრე“.

7 სენაკელ ბენეფიციარს ფუტკრის ოჯახები და სათანადო ინვენტარი გადაეცა.

პროექტის – „აგროტური ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებისთვის აგრარულ სექტორში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით“, ფარგლებში, სამი აგროტური მოეწყო: ფერმერი და მეწარმე ქალბატონები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის სენაკში ვიზიტის ფარგლებში, თვითნასწავლი მეწარმე ქალებისა და დებიუტანტი ნორჩი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელმაც ასევე უმასპინძლა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალისა” და დასავლეთ საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს.

მეორე აგროტურის ფარგლებში, 18 სენაკელი ფერმერი, აჭარის აგროსერვის ცენტრის ჩაქვის მეციტრუსეობის სანეგე მეურნეობის საქმიანობას, დანერგილ ტექნოლოგიებსა და დაგეგმილ ინოვაციებს გაეცნო.

ადგილობრივმა ფერმერებმა და მეწარმეებმა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, მონაწილეობა მიიღეს თბილისობის სახალხო დღესასწაულზე.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს