ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში

  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში, რეგიონული ტურის ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი დევიდ ლი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას, მერის პირველი მოადგილეს, გრიგოლ ბარათურიას და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, თეონა ხუფენიას შეხვდა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალის სასწავლო სივრცე. ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს საქართველოში მოქმედ მსხვილ და საშუალო ზომის საბანკო-საფინანსო, აუდიტორულ, იურიდიულ, ტურიზმის და სხვა სექტორების ასზე მეტ ევროპულ კომპანიას. ასოციაცია, წევრ კომპანიებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების განვითარების პროექტებში და მხარს უჭერს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებას.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობის ვიზიტი სენაკში, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში, საფუძველს ჩაუყრის ახალ სამმხრივ თანამშრომლობას და გააძლიერებს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას.